თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქართული ესტრადის ლეგენდაზე ნანი ბრეგვაძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. კადრი გადასაღები მოედნიდან სოციალურ ქსელში დირიჟორმა, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა გამოაქვეყნა.
კადრში ნიკოლოზ რაჭველი ფორტეპიანოზე უკრავს, ხოლო ნანი ბრეგვაძე მის გვერდით ზის და მღერის.
„დოკუმენტური ფილმის გადაღება ნანიზე. ეპიზოდი ბათუმში", – დააწერა ფოტოს მაესტრომ.
სხვა დეტალები დოკუმენტურის ფილმის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში, ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა. 1961 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ხოლო სასცენო მოღვაწეობა უფრო ადრე, 1956 წელს დაიწყო.
მას დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს როგორც ქართულ, ასევე რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით, ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა.
ნანი ბრეგვაძე
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერას 1980 წლიდან დაიწყო, მანამდე კი მღეროდა ანსამბლებში „რერო" (1959-1964) და „ორერა" (1965-1980).
ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები", „შეხვედრა მთაში", „დათა თუთაშხია", „საბუდარელი ჭაბუკი", „განგაში" და სხვ.
1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი
ღირსების ორდენი