ტრაგედია შოვში: ირაკლი კობახიძემ დავით ჯელაძეს ბოდიში მოუხადა

პოლიტიკოსმა აღიარა, რომ როდესაც ჯელაძის ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა, სიტუაციაში გარკვეული არ იყო და მომხდარის შესახებ დაზარალებულისგან შეიტყო
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი კობახიძე პირადად შეხვდა შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილ დავით ჯელაძეს და მას ბოდიში მოუხადა.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის და სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც მან ეჭვი შეიტანა შოვში ჩამოწოლილ მეწყერში ერთ-ერთი გადარჩენილის სიტყვებში, რომელმაც მომხდარის შემდეგ თავისი გადაადგილება აღწერა. ამასთან მან „წარმოუდგენელი ტყუილი“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ შოვში სტიქიური უბედურების დროს „ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს“.
„პირველ რიგში, სინანული, მინდა, გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე, რაც მან თქვა, რაც არის დასანანი“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ესაუბრა ჯელაძეს ჯერ ტელეფონით, შემდეგ კი პირადად შეხვდა.
„ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის თავის პატარა დისშვილთან ერთად, თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთი შეხედვით რაც ჩანდა წარმოუდგენელი, ამ ადამიანმა, ახალგაზრდა კაცმა თავის თავს აჯობა, ისეთი რამ აქვს გაკეთებული, ეს არის მართლა ნამდვილი გმირობა“, - აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიცია შოვში ხელისუფლების დაგვიანებული რეაქციის საბუთად კობახიძის სიტყვებს მოეჭიდა >>
პოლიტიკოსმა განმარტა, რომ როდესაც ჯელაძის ფოტოზე კომენტარს აკეთებდა, სიტუაცია არ იცოდა და მომხდარის შესახებ თავად დაზარალებულმა უამბო.
„ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები, აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამაზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული და ასევე გავიმეორებ, რომ პირადად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადახდა“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით ჯელაძის ისტორია

როგორც ჯელაძემ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბებს“ უამბო, ღვარცოფის მოვარდნის დროს ის და მისი ნათესავები (ათი ადამიანი) მდინარე ჭანჭახზე გადებულ ხიდთან იმყოფებოდნენ და ყველანი სასწაულებრივად გადარჩნენ. მეწყრის მეორე ტალღამ ხიდი გაანადგურა. ჯელაძემ და მისმა ოჯახმა ამ დროისათვის ხიდიდან გაქცევა მოახერხეს, მაგრამ მეწყრის შუაგულში აღმოჩნდნენ, წელამდე ტალახში.
ჯელაძის თქმით, მან დისშვილი ხელში აიყვანა და ამ ტალახიდან გამოსვლა დაიწყო, მაგრამ შუა გზაზე მათ მეწყრის მესამე ტალღა დაეწია და ქვემოთ წაიღო. საბედნიეროდ, გადარჩენა მოახერხეს. როცა ტალახის დინების სიჩქარე შემცირდა და ახალგაზრდამ ამაღლებულ ადგილზე ასვლა მოახერხა, დაინახა სასტუმრო „რაჭა“ და ეზოში მყოფი ხალხი, შესაბამისად, იქ წასვლა გადაწყვიტა.
იმ ადგილიდან, საიდანაც დავით ჯელაძე და მისი დისშვილი მაშო წამოვიდნენ, სასტუმრომდე დაახლოებით 800-1000 მეტრის დაშორება იყო, მათ დაახლოებით 2-2,5 საათი იარეს. როდესაც სასტუმროს ეზოში მყოფმა ხალხმა ბავშვიანი მამაკაცი შეამჩნია, მათ დასახმარებლად წამოვიდნენ. ისინი დაეხმარნენ დავითს და მაშოს გზის დარჩენილი ნაწილის გავლაში.
ჯელაძემ გავლილ მარშრუტს ჯოჯოხეთური გზა უწოდა. მაგრამ მცირე შესვენების შემდეგ ის ოჯახის დანარჩენი წევრების საძებნელად უკან გაბრუნდა და მეწყრული მასით დაფარული ტერიტორიის გავლა მას მეორედ მოუწია.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყერის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
პაპუაშვილი: საქართველო ვერტმფრენებს ეტაპობრივად მიიღებს>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.