თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ბათუმში პრემიუმ კლასის ბინების შეძენის მსურველთა მხრიდან მოთხოვნის ზრდა, ხოლო ეკონომ და საშუალო კლასის საცხოვრებელი ფართებისადმი ინტერესის შემცირება შეინიშნება, ამას მოწმობს ივლისში ჩატარებული აჭარის დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა.
კვლევის მიხედვით, 2023 წლის ივლისში მოთხოვნა პრემიუმ კლასის ბინებზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.
ამავე დროს მოთხოვნა ეკონომ კლასის ბინებზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით შემცირდა, ხოლო საშუალო კლასის ბინებზე მოთხოვნა ამავე პერიოდში 8%-ით შემცირდა.
ბათუმი
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ახალი აშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა შემცირდა 21%-ით, ხოლო ძველი აშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა – 5%-ით.
ივლისში ჯამში 53 მილიონ დოლარად 1.162 ბინა გაიყიდა, რაც 20%-ით ნაკლებია 2022 წლის ივლისთან შედარებით.
რა ძვირდება?
კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისთან შედარებით ფასები 21%-ით გაიზარდა ახალ აშენებულ ბინებზე.
რაც შეეხება ძველ საბინაო ფონდს, 2023 წლის ივლისში აქ ბინების ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.