თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს, კერძოდ, ქალაქს კიდევ 30 ელექტროდამტენი დაემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც მერმა განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია ელექტრომობილების წახალისება, რათა გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში.
„დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ, რომლითაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ელექტრომობილების რიცხვი იზრდება", – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში ხუთი ახალი ელექტროდამტენი განთავსდება, საბურთალოს რაიონში – ოთხი, დიდუბეში – ოთხი, ნაძალადევში – ორი, ჩუღურეთში – ორი, მთაწმინდაზე – სამი, ისანში – ოთხი, გლდანში – ერთი, სამგორში – სამი, კრწანისში – ორი, მათ ოპერირებას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური ოთხი დამტენით.
მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი" უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.
რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლება შედის.
2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.