თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიური უბედურების ეპიცენტრში, მაშველებმა ტერიტორიის 84% შეამოწმეს. ადგილის სრულ გამოკვლევას კიდევ ორი დღე დასჭირდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 25 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი. ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
სტიქიური უბედურების ზონაში 11 პრიორიტეტულ წერტილზე დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. გარდა ამისა, საძიებო პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა და მცურავი საშუალებები.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მაშველებს გამოსაკვლევი აქვთ ტერიტორიის დაახლოებით 25%. მისი თქმით, საძიებო ფართობი სიგრძეში 1.000 მეტრსა და სიგანეში 270 მეტრს შეადგენს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.