თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხ რეგიონში 70 ათასი ჰექტარი მიწა დაამუშავეს, რისი წყალობითაც სპეციალისტები ქვეყანაში კალიების გავრცელებას აკონტროლებენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სპეციალური სამუშაოები ჩატარდა კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მავნებლის მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„საქართველოში დანერგილია მონიტორინგის, პრევენციის და კონტროლის უახლესი მეთოდები, რაც ხელს უწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებას და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას, რაც ამ მავნებლის უკონტროლო გავრცელებას ახასიათებს", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.
საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, გლობალური კლიმატური პირობების ფონზე მეზობელ ქვეყნებში კალიების გავრცელების არეალის ზრდა შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 10 ქვეყანასთან ერთად ჩართულია FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) რეგიონულ პროგრამაში „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში".
პროგრამის ფარგლებში მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან, რეგულარულად ტარდება ერთობლივი ტრანსსასაზღვრო გამოკვლევები და რეგიონული კონფერენციები საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით.
FAO-ს შეფასებით, საქართველოში არსებული კალიებთან ბრძოლის სისტემა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა.