თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისში უკანონო თევზჭერის 93 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
აქედან 51 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გაეგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი ფაქტი (21) იმერეთში გამოვლინდა. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 16, კახეთში - 8, სამეგრელო-ზმო სვანეთში - 7, აჭარაში - 5, გურიაში - 4, შიდა ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1. ამასთან, მოხერხდა ერთი ფაქტის აღკვეთა.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა თბილისშიც - ივლისში შვიდი უკანონო ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 10, სახლართი ტიპის ბადით - 54 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 8 ფაქტი.
ამა წლის ივლისში პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 1.270 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 4 თევზმახე, ე.წ. გოდორი. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, სიონის წყალსაცავზე, ბაზალეთის ტბაზე, ასევე მდინარეებზე - მტკვარსა და ნატანებზე.
საქართველოში ბოლო შვიდ თვეში უკანონო თევზჭერის 384 ფაქტი გამოავლინეს. აქედან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 105 ფაქტი.