თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა შეინარჩუნა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში „BB“ ნიშნულზე, პროგნოზი „სტაბილურია“, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
მოკლევადიანი რეიტინგები ამავე დროს „B“ დონეზე დარჩა.
„მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში ეკონომიკის შენელების პროგნოზები გვაქვს, ტურიზმი, იმიგრაცია და ფინანსური შემოდინება, ძირითადად რუსეთიდან, ხელს შეუწყობს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენარჩუნებას კვლავ მაღალ (6,1%) დონეზე“, - ასეთ კომენტარს აკეთებენ სააგენტოს ანალიტიკოსები.
S&P-ის მონაცემებით, ერთი წლით ადრე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10,1% იყო. სააგენტოს პროგნოზით, შემდგომ, 2024 და 2025 წლებში ზრდა შესაბამისად შენელდება 4,5% და 4,2%-მდე, ხოლო 2026 წელს - 4,3%-ს შეადგენს. ამასთან, 2023 წელს ინფლაცია პროგნოზირებულია 2,4% დონეზე გასული წლის 11,9%-ის შემდეგ, შემდეგ წელს ეს მაჩვენებელი 3,2%-მდე გაიზრდება, ხოლო 2025-2026 წლებში 3%-ს შეადგენს, ნათქვამია გამოცემაში.
ამავდროულად, სააგენტო ასევე აღნიშნავს რეიტინგისთვის ნეგატიური რისკების არსებობას, მათ შორის რომლებიც უკავშირდებიან ფინანსური რესურსების შემოდინების შემცირებას, რთულ გარე მაკროეკონომიკურ ვითარებას და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების (Checks and Balances) შესუსტების ალბათობას.
სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს განგრძობად მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ნათქვამია გამოცემაში, ასევე ფისკალური პოლიტიკისა და საგადახდო ბალანსის უფრო მაღალ მაჩვენებლებს, რაც, როგორც ამას S&P ვარაუდობს, გაგრძელდება მომდევნო 12 თვის განმავლობაში.