როგორ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები შოვში - მინისტრის განმარტება

მაშველები, ჯარი, ყველა ადამიანი, ყველა უწყება, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული, თავდადებით მუშაობენ და მადლობის ღირსი არიან, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა 11 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 25 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი.
„მაშველების მიერ ხდება შესაბამისი სამუშაოების განსაზღვრა, რომელშიც მძიმე ტექნიკა ერთვება. დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკაა, რომელიც ჩართულია 11 მდებარეობაზე. სწორედ ამ წინა ჩართულობების შედეგი იყო, რომ მოხდა ხიდების აღდგენა, ალტერნატიული გზის მოწყობა, რამაც, თავის მხრივ, მოგვცა შესაძლებლობა, უკვე ახალ მდებარეობებზე გავსულიყავით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.
„თავდადებით მუშაობენ და მადლობის ღირსი არიან მაშველები, ჯარი, ყველა ადამიანი, ყველა უწყება, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული. ასევე, მძიმე ტექნიკის ოპერატორები, რომლებიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ“, - განაცხადა ქარსელაძემ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
პაპუაშვილი: საქართველო ვერტმფრენებს ეტაპობრივად მიიღებს>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.