თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის 7 თვეში საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას 370.547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახური.
2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა (521.086 ვიზიტორი), 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461.359 ვიზიტორი), 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მტირალას ეროვნული პარკი
© photo: National Hiking Federation / FB
საქართველოს პოპულარული ნაკრძალების ტოპ-ხუთეულში შედის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი. საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი. ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი.
დაშბაშის კანიონი
© photo: Sputnik / Stringer
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პრომეთეს მღვიმე
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), აქედან 11 - ეროვნული პარკებია. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.