თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, იუწყება მაუის ოლქის ხელისუფლება.
მაუის და დიდ კუნძულებზე ძლიერი ხანძარი მშრალი და ცხელი ამინდის გამო დაიწყო და ქარიშხალ დორას მიერ მოტანილი ძლიერი ქარის გამო გაძლიერდა. ხანძრის ზოგიერთი კერა 400 ჰექტარ ფართობს აღწევს.
მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ხელისუფლების ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.
ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის პოპულარული ტურისტული ქალაქი ლაჰაინა. საუბარია ათასობით სახლზე. ხელისუფლებას გზების გადაკეტვა უწევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ასობით ადგილობრივი მცხოვრები ევაკუირებულია.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უბრძანა ჰავაის ფედერალური დაქვემდებარების ყველა სტრუქტურას, მათ შორის სამხედროებს, ჩაერთონ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და ვერტმფრენები გაგზავნეს.
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.