კიდევ ერთი მეწყერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში: გეოლოგების დასკვა ცნობილია

Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მეწყრული პროცესის საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, ნათქვამია საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
წალენჯიხაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ცნობილი 8 აგვისტოს გახდა. კლდოვანმა მასამ მდინარე ტებენეს კალაპოტი გადაკეტა, რამაც დაგუბება გამოიწვია.
„საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ: საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან. კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე არსებული მორფოგეოლოგიური პარამეტრების ფარგლებში“, - ნათქვამია დასკვნაში.
სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას 9 აგვისტოს გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს.