ისტორიული აუზი თბილისში დარჩება - რა ელოდება „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიას

„ლაგუნა ვერე" ყოფილი სპორტული კომპლექსია თბილისის ცენტრში.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისის ყველაზე დიდი აუზი „ლაგუნა ვერე", რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღდგენილი იქნება, ნათქვამია კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტის" განცხადებაში.
„ნეო სითი დეველოპმენტმა" 2014 წელს დაკეტილი აუზის ტერიტორია ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა. გარიგების ღირებულებას უცნობია.
„დაგეგმილია საცურაო კომპლექს „ლაგუნას" აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია პირობას დებს, რომ კომპლექსს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.
მულტიფუნქციურ კომპლექსს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის გვერდით ტერიტორიაზე ააშენებენ.
ყოფილ სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეზე" ოთხი აუზია, მათ შორის ერთი - დახურული.
„ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
„ნეო სითი დეველოპმენტი" 2023 წელს დაარსდა. მისი მფლობელია ყოფილი დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან" მარიკა ვერულაშვილი.