პაპუაშვილი: საქართველო ვერტმფრენებს ეტაპობრივად მიიღებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისთვის სამი ვერტმფრენის შესაძენად ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 2022 წლის ბოლოს გააფორმა.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეიძინა სამი ვერტმფრენი, რომლებსაც ქვეყანა ეტაპობრივად მიიღებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში სამაშველო ვერტმფრენების საკითხი ისევ გააქტიურდა კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ იმ ორმა ვერტმფრენმა, რომელიც ქვეყანას აქვს, თავი გაართვა ამოცანას, ადგილზე უფრო მნიშვნელოვანი იყო სითბური დრონების მუშაობა.

„სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მათი ეტაპობრივი მოწოდება ხდება. თუ არ ვცდები, ხელშეკრულება შარშან დაიდო და ველოდებით ვერტმფრენების მოწოდებას", – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისთვის სამი ვერტმფრენის შესაძენად ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 2022 წლის ბოლოს გააფორმა. ვერტმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.
H145 მოდელის მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს შეუძლიათ შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები და ისინი სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის პირველი ვერტმფრენის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში მოხდება, ხოლო მეორისა და მესამის – შესაბამისად, 18 და 19 თვის შემდეგ.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები საქართველოში ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ საზღვრების დასაცავად, არამედ ხანძრის ჩასაქრობად და სამაშველო ოპერაციებში.