თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. საქართველოდან მსოფლიო სპორტულ შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილე აბიტურიენტები და ის პირები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ვერ მოასწრეს, უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ სწავლას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.
ბრძანების თანახმად, ოლიმპიადებში, პარალიმპიადებში, მსოფლიო ჩემპიონატებში, ევროპის ჩემპიონატებსა თუ სხვა მაღალი რანგის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეებისთვის იმოქმედებს სპეციალური კვოტა უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, თუ ისინი ვერ მოასწრებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას.
კერძოდ, სპორტსმენის მიერ განცხადების შეტანის შემდეგ სამინისტრო ერთი წლით უმაღლეს სასწავლებელში პირობით ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალური წესით მიიღებს.
ამასთან, ამ სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მომავალ წელს მოუწევთ.
წესი შეეხება იმ აბიტურიენტებსაც, რომლებმაც წელს გამოცდებზე გასვლა შეჯიბრების გამო ვერ მოასწრეს.