ხმები რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ: ხელისუფლების პასუხი

მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო, განაცხადა გზების დეპარტამენტის უფროსმა.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან და კორუფციასთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში გაჟღერდა, არის საზოგადოებაში შიშის დათესვის მცდელობა, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა.
ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას მოითხოვს. ხაზარაძის აზრით, აქ აუცილებელია უსაფრთხოების, მეწყერსაშიში ზონების და ფინანსების შემოწმება.

„ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებები არის პროექტის დისკრედიტაციის, მოსახლეობაში შიშის დათესვის მცდელობა, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება", – აღნიშნა წერეთელმა.

მისი თქმით, უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიდის.
„რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოების პროგრესი მაღალია და ეს მონაკვეთები წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში... მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო", – განაცხადა წერეთელმა.
როგორც დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, აღნიშნული პროექტის რეალიზება 2019 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება. სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება.
„ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული ფაქტების დასახელებას. ყველა კომპანიის შერჩევა დონორებთან შეთანხმებით ხდება", – განაცხადა წერეთელმა.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა.
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა>>>
ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანებისთვის.
რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.