თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა, რაც ქვეყნის ცენტრალურ ზონაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
გეგმა მომზადებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია. პროექტის მიზანია სათანადო, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარების გზით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.
„საქართველოს ტერიტორია იყოფა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის 6 ზონად: შავი ზღვის ზონა, დასავლეთის ზონა, ცენტრალური ზონა, აღმოსავლეთის ზონა, მაღალმთიანი ზონა, თბილისის აგლომერაცია. წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ცენტრალური ზონისთვის და ეხება რუსთავის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს", – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი გეგმა არის „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022)" ერთგვარი გაგრძელება და მოიცავს გაცილებით დიდ არეალს.
რუსთავის გეგმის ფარგლებში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების კუთხით, რამაც უკვე გამოიღო დადებითი შედეგები.
დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი გეგმის მიზანი, ამოცანები, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული პრობლემები, დაბინძურების წყაროები, არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო აქტივობები.
პროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
გეგმის პროექტი შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით.