მსოფლიო დღეს

იაპონიამ პუტინის ბრძანებულება გააპროტესტა

Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. იაპონიის მთავრობა პროტესტს გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საგადასახადო ხელშეკრულებები რიგ ქვეყნებთან, განაცხადა მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ პრესკონფერენციაზე.

„უკიდურესად სამწუხაროა, რომ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღეს ისეთ უსამართლო ზომებზე, რომლებიც შესაძლოა არახელსაყრელი იყოს იაპონიის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის. დღეს ჩვენ დიპლომატიური არხებით გავუგზავნეთ პროტესტი რუსულ მხარეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოვითხოვეთ", — განაცხადა მან.

მანამდე, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, რუსეთი საგადასახადო ხელშეკრულებების ძირითად პუნქტებს აჩერებს 38 არამეგობრულ ქვეყანასთან, მათ შორის იაპონიასთან.
ბრძანებულება აჩერებს საგადასახადო ხელშეკრულებების იმ ძირითად ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ მოძრავი და უძრავი ქონების, დივიდენდების, პროცენტების, მომსახურებიდან და საავტორო უფლებებიდან მიღებული შემოსავლების, ჰონორარებისა და დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების, აგრეთვე კაპიტალის ორმაგ დაბეგვრას.
ორმაგი გადასახადის შესახებ შეთანხმება საშუალებას აძლევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ერთი ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტები არიან, მაგრამ შემოსავალს მეორეში იღებენ, გადასახადი ერთ ქვეყანაში გადაიხადონ.
გარდა ამისა, პუტინის ბრძანებულებით შეჩერებულია მუხლები, რომლებიც ეხება საგადასახადო შეღავათებს, ასევე არადისკრიმინაციული წესები, რომელთა მიხედვით, შეთანხმებებში მონაწილე ქვეყნების გადამხდელებმა არ უნდა გადაიხადონ იმაზე უფრო მძიმე გადასახადები, ვიდრე ადგილობრივები იხდიან.
ამასთან პუტინმა ძალაში დატოვა ორმაგი დაბეგვრის ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებების ნორმები, რითაც ამ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიები კვლავ შეძლებენ საზღვარგარეთ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლას რუსეთში.
როგორც ბრძანებულებაშია განმარტებული, გადაწყვეტილება არაერთი უცხო სახელმწიფოს მიერ რუსეთის ფედერაციის, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიმართ არამეგობრული მოქმედებების გამო მიიღეს.