თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და ონლაინ-პორტალ TKT.GE-ს შეუჩერა ექსკლუზიური უფლება კინოთეატრების ბილეთების გაყიდვაზე, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ვებ-გვერდმა TKT.GE-მ 2022 წლის 31 დეკემბერს „სადისტრიბუციო კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოიპოვა ექვს ძირითად კინოთეატრში ბილეთების ონლაინ-გაყიდვის ექსკლუზიური უფლება. tkt.ge-ზე საჩივარი შეიტანა ბილეთების გაყიდვის სხვა ონლაინ-პლატფორმამ - biletebi.ge-მ.
საჩივრის საფუძველზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „თინეთის“ (tkt.ge), სს „თიბისი ბანკის“ და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2023 წლის აპრილში.
სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.
დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტზე – ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით კი მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
წყარო - კონკურენციის სააგენტო