თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ინდური ავიაგადამზიდი რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი–თბილისი–დელის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავიაკომპანია რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამჯერ – ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.

„საქართველოს ავიაბაზარზე უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo შემოვიდა. აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი გვიან ღამით შეასრულა. პირველი რეისით 325-მა მგზავრმა ისარგებლა", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პირველი რეისის მგზავრებმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 29 მაისს მიანიჭა.
IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. კომპანია მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1.850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 ადგილობრივი, 32 კი საერთაშორისოა.