თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. მთავრობა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას 2023 წელსაც განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი 50 ათას ტონაზე მეტი იქნება.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობას. აღნიშნული პროგრამა ეხმარება ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
უწყების ცნობით, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებული იქნებიან საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ფერმერები ვაშლის ჩაბარებას ქარხნებში სექტემბრის დასაწყისიდან შეძლებენ. საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით საკოორდინაციო შტაბიც ამოქმედდება.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. ამ პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა შარშან 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად – ფერმერებმა 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.