თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დეზინფორმაციის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების საკითხი არ განიხილება, მოქმედი კანონმდებლობა საკმარისია ცილისწამებისგან თავის დასაცავად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების ფონზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ტრაგედიის შემდეგ მაშინვე დაიწყეს ხმამაღალი განცხადებების კეთება და მომხდარში ხელისუფლების დადანაშაულება. ცეცხლზე ნავთს ასხამდა ოპოზიციური მედია, რომელიც ხშირად გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
„რასაკვირველია, არსებობს აზრი, რომ როცა საქმე ცილისწამებას ეხება, პასუხისმგებლობა უფრო მკაცრი იყოს. მსგავსი თემის განხილვა არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ. ის, რომ საკითხი მომავალში არ განიხილება, ერთი ან ათი წლის შემდეგ არ განიხილება და ამაზე ხატის წინაშე ფიცი დადო, არასწორია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მოქმედ კანონმდებლობაში საკმარისი რესურსია იმისათვის, რომ „ცილისწამებისგან თავი დაიცვა“, აღნიშნა მან.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების პოლარიზაციის და შესაძლო მწვავე რეაქციის გამო დეზინფორმაციის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება არარეალურია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ქცევას ასეთ ტრაგიკულ მომენტში მავნებლობა და ხალხის ნერვებზე თამაში უწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კრიზისის დროს საინფორმაციო შეტევის ობიექტი გახდა.