მსოფლიო დღეს

რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი წვრთნები თეთრ სახლს საფრთხედ არ მიაჩნია

Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. შეერთებული შტატები საფრთხედ არ მიიჩნევს ალასკის მახლობლად რუსული და ჩინური გემების ერთობლივ პატრულირებას, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალები აქტიურად აკვირდებიან რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო პატრულირებას წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს წვრთნები რჩება საერთაშორისო წყლებში და არ მიიჩნევა საფრთხედ. ასეთია თავდაცვის სამინისტროს შეფასება“, — აღნიშნა მან.

მანამდე, 6 აგვისტოს The Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ოთხი ესკადრონული ნაღმმზიდი და საპატრულო ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავი P-8 Poseidon გაგზავნა მეთვალყურეობისთვის მას შემდეგ, რაც ალასკის მახლობლად 11-მა რუსულმა და ჩინურმა ხომალდმა გაიარა. გემები აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში არ შესულან.

რესპუბლიკელმა სენატორმა დენ სალივანმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სამხედროებისგან მიიღო, რუსულ-ჩინურ წვრთნებს „ზომითა და მასშტაბით უპრეცედენტო ერთობლივი ოპერაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვრებთან ასეთი მოქმედება შემაშფოთებელია.
რუსეთი და ჩინეთი რეგულარულად აწყობენ ერთობლივ საზღვაო წვრთნებს, ასევე სტრატეგიული ავიაციით პატრულირებას აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში.
მხოლოდ 2022 წელს რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ექვსი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, რაც ბოლო 20 წლის მაქსიმუმი იყო. 2023 წლის ივნისში ორი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩაატარეს იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში, ივლისში კი სწავლება „ჩრდილოეთი/ურთიერთქმედება“ და ასევე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს წყნარ ოკეანეში.