თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კოლუმბიის ხელისუფლებამ ახალი რეკორდი დაამყარა – ბოლო 12 თვეში ქვეყანაში 1.100 ტონა კოკაინი ამოიღეს, ნარკოდანაშაულისთვის 9 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ერთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ მთავრობის მუშაობის დაწყებიდან გამოვიძიეთ ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის ჯაჭვის მსხვილი რგოლები, ამოვიღეთ 1.100 ტონა კოკაინი, ხოლო განადგურებული ნარკოლაბორატორიების რიცხვი წინა პერიოდთან შედარებით 16%-ით გავზარდეთ“, – განაცხადა პეტრომ, იუწყება РИА Новости.
მხოლოდ 2023 წელს კოლუმბიაში 573 ტონა კოკაინის კონფისკაცია განხორციელდა. 12 თვეში დანაშაულებრივი სტრუქტურების წინააღმდეგ 290 ოპერაცია ჩატარდა, რომელთა შედეგად 9 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აღნიშნა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
კოლუმბია კოკაინის მსოფლიოში მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია. ნარკოტიკული საშუალების პლანტაციების 90%-ზე მეტი ე.წ. ანდების ნარკოსამკუთხედშია მოქცეული, რომელშიც შედიან კოლუმბია, პერუ და ბოლივია.
პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ 2022 წლის სექტემბრში განაცხადა, რომ მისი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დაარწმუნოს კოკაინის მწარმოებლები, ის რენტაბელური სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ჩაანაცვლონ. მისი თქმით, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის მოქმედი პოლიტიკა მთლიანად ჩავარდა.