თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დაკვირვების ისტორიის განმავლობაში 2023 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვე იყო, იუწყება „ფრანს პრესი“ დედამიწაზე დაკვირვების ევროკავშირის პროგრამა Copernicus-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
გასული თვე ცელსიუსით 0,33 გრადუსით მეტი იყო 2019 წლის ივლისზე, როდესაც საშუალო ტემპერატურის წინა რეკორდი დამყარდა 16,63 გრადუსის დონეზე.
„ახლახან გავხდით იმის მოწმენი, რომ ჰაერისა და ოკეანის ზედაპირის გლობალურმა ტემპერატურამ ივლისში ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა. ეს რეკორდები დამღუპველი შედეგების მომტანია როგორც ადამიანების, ისე პლანეტისთვის“, – განაცხადა Copernicus-ის დირექტორის მოადგილემ სამანტა ბერჯესმა.
მანამდე Copernicus-მა განაცხადა, რომ მსოფლიო ოკეანის ზედაპირის ტემპერატურამ ამ წლის 4 აგვისტოს რეკორდი მოხსნა, როდესაც ცელსიუსით 20,96 გრადუსს მიაღწია.
უფრო ადრე გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვით, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში გლობალურმა ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ დონეს შეიძლება მიაღწიოს. ამას ხელს შეუწყობს ანთროპოგენური ფაქტორი, ანუ სათბური გაზები და ბუნებრივი ვითარებები – ოკეანის დინებების ფაზების შეცვლა ლა–ნინიადან ელ–ნინიოზე. ოკეანის დინებების ფაზების შეცვლა იმოქმედებს არა მხოლოდ პლანეტის საშუალო ტემპერატურაზე, არამედ ასევე ნალექის მოსვლის რეჟიმზე.