თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თუ ფიქრობთ, რომ მარილის მოხმარების შემცირება მხოლოდ არტერიული წნევის ნორმალიზების თვალსაზრისითაა აუცილებელი, ცდებით — მარილის რაოდენობის შემცირებამ შეიძლება ჯანმრთელობის სხვა რისკებიც აგარიდოთ თავიდან, წერს იაპონური პორტალი Navi სპეციალისტზე დაყრდნობით.
ცნობილმა დიეტოლოგმა ასუკენმა პორტალს მიაწოდა საინტერესო ინფორმაცია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, არამედ მათთვისაც, ვინც ფიქრობს, რომ მარილის პრობლემა არ ეხება.
მისი თქმით, ჭარბი მარილი ასევე ზრდის:
სიმსუქნის რისკს
კვლევებმა აჩვენა, რომ მარილის ჭარბი რაოდენობით მიღების დროს სხეულის მასის ინდექსი იზრდება, რა დროსაც სიმსუქნის ალბათობა 21%-ით იმატებს დღეში ყოველ თითო გრამ მარილზე.
მარილიანი საკვები აუმჯობესებს მადას, ამიტომ ჯობს, რომ დიეტის დროს უმარილო ან ნაკლებად მარილიანი საკვების მიღებაზე გადახვიდეთ.
შაქრიანი დიაბეტის რისკს
მიუხედავად იმისა, რომ მარილს არ აქვს პირდაპირი გავლენა სისხლში გლუკოზის დონეზე, მიიჩნევა, რომ მარილის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის რისკი გაზარდოს ინსულინის ეფექტურობის შემცირებით — ჰორმონისა, რომელიც გლუკოზის დონის ნორმალიზებას ახდენს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 7,3 გრამ და მეტ მარილს მოიხმარენ, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობა დაახლოებით 1,7-ჯერ მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დღეში 5,8 გრამზე ნაკლებ მარილს იღებს.
ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს
იაპონიის მოსახლეობაზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მარილის მოყვარულ იაპონელთა შორის ბევრი მაღალწნევიანია. დადგენილია, რომ ეს ნივთიერება ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს ზრდის.
მითები მარილის შესახებ
მართალია თუ არა, რომ ცხელ და ნოტიო დღეებში მეტი მარილის მიღებაა აუცილებელი?
თუ ცხელ ამინდში მიზანმიმართულად მიირთმევთ მარილით უფრო გაჯერებულ საკვებს, რათა სითბური დარტყმისგან დაიცვათ თავი, ფრთხილად უნდა იყოთ: ამ მიზეზით კერძების მეტი მარილით შეზავება საჭირო არ არის.
თუმცა ცხელ ამინდში მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი, წყალთან ერთად, მარილის მარაგითაც შეივსოს, ვინაიდან მათ შორის დისბალანსმა შესაძლოა სითბური დარტყმის მიღებას შეუწყოს ხელი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილის აბები და სითხეები პერორალური რეჰიდრატაციისთვის.
ბუნებრივი მარილი უსაფრთხოა?
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ბუნებრივი მარილი არათუ არ ვნებს, სასიკეთო გავლენასაც კი ახდენს ჯანმრთელობაზე. მაგრამ ასეთებმა უნდა იცოდნენ, რომ მნიშვნელოვანია არა მარილის სახეობა, არამედ მისი რაოდენობა. თუ ბევრ ბუნებრივ მარილს მიირთმევთ, მისი ჭარბი რაოდენობით გამოწვეულ პრობლემებს ვერ ასცდებით.
წყარო: Navi