ილია მეორე: რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის

კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. რაჭაში ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის, ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვის შესასვლელთან გზა. მაშველებმა 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. იძებნება 16 დაკარგული ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.

„შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენი კეთილი საქმეების სიმრავლეა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომ მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს.
„აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე. ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ილია მეორემ.
შოვში ტრაგედიის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართება>>
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო, მობილიზებულია 178 ერთეული სპეცტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.