მსოფლიო დღეს

წყარო: ერდოღანი პუტინს შუამავლობას შესთავაზებს

Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს აგვისტოში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება შესთავაზოს, განუცხადა რია ნოვოსტის წყარომ ერდოღანის ადმინისტრაციიდან.

„ბატონი პრეზიდენტი [ერდოღანი] შუამავლობას შესთავაზებს [პუტინს] კონფლიქტის მოგვარების საქმეში და კიდევ ერთხელ გაიმეორებს თეზისს, რომ ომში გამარჯვებული არ იქნება, ხოლო სამშვიდობო პროცესში არ იქნება დამარცხებული“, — განმარტა წყარომ.

მისი თქმით, ანკარამ წარსულშიც არაერთხელ დაუჭირა მხარი ცეცხლის მალე შეწყვეტასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას, და იგივე პოზიციაზეა ახლაც.
„ბატონი [ერდოღანი] დღეს ლამის ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ლიდერების გულწრფელი ნდობით სარგებლობს, შეუძლია მუდმივ კონტაქტში იყოს მათთან და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს“, — აღნიშნა წყარომ.
როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის ადგილი და დრო რაც შეიძლება მალე განსაზღვრონ. მისი თქმით, ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ორმხრივი ურთიერთობების, უკრაინისა და მარცვლეულის გარიგების საკითხები დგას.