შოვის ტრაგედია: საქართველოში გლოვის დღეა

Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს.
გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ექსპერტების წინასწარი დასკვნის მიხედვით, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია.
ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>>
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფი) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ 400 მაშველი და 200 სამხედრო, სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 178 ერთეული მძიმე ტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა მიმდინარეობს.