თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის ოჯახმა სასტუმრო „სანსეტ შოვი", რომელიც სტიქიური უბედურების ეპიცენტრი გახდა, ავტომობილებით ინციდენტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დატოვა. დედაქალაქის მერის კრიტიკის პასუხად ვიდეოკადრები ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.
ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა კალაძე დაადანაშაულა იმაში, რომ მან შოვიდან ოჯახის წევრები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ვერტმფრენის გამოყენებით გამოიყვანა და რომ მან წინასწარ იცოდა არსებული საფრთხის შესახებ, თუმცა ამის თაობაზე არავინ გააფრთხილა.
„ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. არ აქვს მნიშვნელობა ვის როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და იმისთვის, რომ პირდაპირ მე „გამაშავოთ", – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, ისინი, ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, ცდილობენ საზოგადოება მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ განაწყონ.
თბილისის მერმა წინასწარი გადამოწმების გარეშე მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას დიდი ბოროტება და სიცრუე უწოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ ვიდეოკამერის ჩანაწერების მიღების თხოვნით მას ტელეკომპანია „იმედმა“ მიმართა, რაც დაადასტურებდა, რომ მისმა შვილებმა ტერიტორია მანქანებით დატოვეს და არა ვერტმფრენით.
„რა თქმა უნდა, მე მივეცი თანხმობა. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი და პოლიტაქტივისტი", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ასეთი ბოროტება ანგრევს საზოგადოებას და მომავალს.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. იძებნება 16 დაკარგული ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.