როგორ შეიყვარონ ახლანდელმა მოსწავლეებმა ლიტერატურა?

არიან მასწავლებლები, რომლებზეც წლების მერე ვერც ვიხსენებთ რას გვასწავლიდნენ, მაგრამ ყველას უთუოდ გვეყოლება თუნდაც ერთი ისეთი გამორჩეული პედაგოგი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გვამახსოვრდება.
Sputnik
თბილისის 48-ე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზამალი დავლიანიძე მათ რიცხვშია. მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები საბჭოთა სკოლაში მარტო საგნის სწავლით არ შემოიფარგლებოდა, ამიტომაა, რომ მისი ყოფილი მოსწავლეები დღემდე ვერ ივიწყებენ.
- ქალბატონო ზამალი, ბავშვობიდან გქონდათ სურვილი, რომ მასწავლებელი გამხდარიყავით?
- მე მასწავლებლობა ბავშვობიდან მინდოდა. როცა მეზობლის ბავშვებთან ერთად ვიყავი, ყოველთვის მასწავლებელს ვთამაშობდი. სხვათა შორის, კარგადაც გამომდიოდა. მახსოვს, ბავშვებს ლექსებს ვასწავლიდი და ზეწარჩამოფარებულ „სცენაზე" წარმოდგენებს ვდგამდი. რადგან ასე ძალიან მინდოდა მასწავლებლობა, ალბათ ქვეცნობიერად იმასაც ვხვდებოდი, რომ ბავშვები შემიყვარებდნენ.
ზამალი დავლიანიძე
- შეხვედრის დროს თქვენი კლასგარეშე „გაკვეთილებიდან“ რომელს იხსენებენ ყველაზე ხშირად მოსწავლეები?
- ჩემი სადამრიგებლო კლასი ხშირად მახსენებს ხოლმე სკოლის დამამთავრებელ ბანკეტს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გადავიხადეთ. მთელი წლის განმავლობაში ვთხოვდი, რომ დანაზოგი გაეკეთებინათ და მშობლები ნაკლებად შეეწუხებიათ. როცა დრო მოვიდა, დანაპირები შევასრულე. საექსკურსიო ბიუროში მუშაობდა ჩემი ახლობელი, რომელიც საგზურების აღებაში დაგვეხმარა. თბილისიდან გიდიც გაგვაყოლეს. თან გვახლდა ხუთი მშობელი, ორი სასწავლო ნაწილის გამგე და სკოლის ორგანიზატორი.
ზამალი დავლიანიძე სადამრიგებლო კლასთან წლების შემდეგ შეხვედრის დროს
- თეთრი ღამეების დროს ხომ არ დაემთხვა თვენი იქ ჩასვლა?
- სწორედ ასე იყო და ბავშვები მთელი ღამეები არ იძინებდნენ. დილამდე ნევის პროსპექტზე დავსეირნობდით და ხიდის გახსნას ვესწრებოდით. მშობლებს საგზალიც ჰქონდათ წამოღებული. მახსოვს, სასტუმრო „სოვეტსკაიას" დირექტორს ვთხოვეთ, რომ ნება დაერთო სუფრა ჩვენი საგზლით გაგვეშალა. როცა თანხმობა მივიღეთ, პირველ დღესვე საოცარი ბანკეტი გადავიხადეთ. იმ დრომ ყველას დაუვიწყარი მოგონებები დაგვიტოვა.
ზამალი დავლიანიძე ოჯახის წევრებთან ერთად
- თავად რომელი საგანი გიყვარდათ სკოლაში?
- მე ქიმია მიყვარდა და თანაკლასელთან ერთად სამი წელი ქიმიის წრეზე დავდიოდი. ერთხელ გავაკეთეთ რაღაც ექსპონატი, რომელიც მოსკოვში სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე გაიგზავნა. გავიმარჯვეთ და საგზურით მოსკოვი–რიგა–ლენინგრადში ვიმოგზაურეთ. ექსპონატს რაც შეეხება, პატარა ნათურებზე ნაჯერი მწვანე მარილი დავაკრისტალეთ, დენგამტარი მავთულით ავკინძეთ და ყურძნის მტევნის ფორმა მივეცით. დენზე ჩართვისას ის ნათურები ინთებოდა და ძალიან ლამაზი სანახავი იყო. როცა მოსკოვში ჩასულებმა გამოფენაზე ჩვენი ექსპონატი დავინახე, სიხარულისგან ტირილი დავიწყე.
ზამალი დავლიანიძე თავის ყოფილ მოსწავლეებთან, ჯული ფოფხაძესთან და ინგა კირვალიძესთან ერთად
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ახლანდელმა ბავშვებმა ქართული ლიტერატურა შეიყვარონ?
- ქართული ლიტერატურის შესაყვარებლად ქალაქგარეთ თემატური გასვლები და ექსკურსიებიც აუცილებელია. როცა რომელიმე თემატურ მასალას დასჭირდა, ჩემს კლასთან ერთად შემოვიარეთ ვარიანი, ჩარგალი, უფლისციხე, წინანდალი, ყვარელი, საგურამო, ვარძია, ალავერდი, დავით გარეჯი, გელათი, საფარა, კიდევ სხვა ისტორიულ-კულტურული ადგილები.
- რით განსხვავდებიან იმ დროის და ახლანდელი მოსწავლეები?
- იმ დროს მოსწავლეები წიგნებს უფრო კითხულობდნენ, დღეს ახალგაზრდობა კომპიუტერზე და პირად ტელეფონზეა დამოკიდებული, მიჯაჭვულიც კი. ჩემი მასწავლებლობის დროს, მახსოვს, დასვენებებზე სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნების გატანაზე მოსწავლეების რიგი იდგა ხოლმე. პიროვნული განვითარებისთვის წიგნების კითხვა გაჯეტების თაობასაც სჭირდება.
ნინო მამულაშვილი