თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას დაზიანებული გზის ფოტოები. მოქალაქეების ვარაუდით, ეს გზა, რომლის ცალი ზოლიც ჩამოშლილია, შეიძლება ახალი ტრაგედიის მიზეზი გახდეს. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა და მასზე ამ დრომდე დადიან მანქანები.
უწყების მტკიცებით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის 12-16-ე კმ მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.
„2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 21 ივლისს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება, აღნიშნულმა კონტრაქტორმა ორგანიზაციამ მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები ჩაატარა, მომდევნო კვირიდან კი დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი