ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა დიდი სლემის ტურნირზე პირველი ოქრო მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ფინალურ ბლოკში, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალში ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაამარცხა.
ეს შეხვედრა წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება იყო. მაშინ უფრო ძლიერი ლუკა მაისურაძე იყო.
გარდა ამისა, ილია სულამანიძემ (100კგ) და მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის ბუდაპეშტის მასტერსზე მთლიანობაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.
ბუდაპეშტმა 4-6 აგვისტოს უმასპინძლა ძიუდოს ტურნირს Hungary Masters 2023, სადაც სპორტსმენები აგროვებენ ქულებს ოლიმპიური რეიტინგისთვის, რომლის შედეგების მიხედვითაც ისინი პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოხვდებიან.