ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ: მინისტრი რაჭაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაზე

ამჯერად სტიქიის ზონაში 30 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, მათგან 15 უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრშია შეყვანილი.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. სტიქიის ზონაში ძალიან რთული ვითარებაა და ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძემ.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშველები ამ დროისთვის 23 ადამიანს ეძებენ.
„მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები. მუშაობენ მაშველები, ჯარი და რა თქმა უნდა ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა და ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ, რეალურად ძალიან დიდ მასასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამავდროულად ეს არის ლამი, რაც ართულებს ამ სამუშაოებს“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, ტერიტორიაზე 30 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, მათგან 15 უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრშია შეყვანილი.
„წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის აწყობა. ეწყობა მდინარეზე გადასასვლელი გზა, პარალელურ რეჟიმში, ვიდრე ხიდი მოეწყობა, არის ალტერნატიული გზა, რომლითაც რეალურად მეორე ფრონტი გვინდა გავხსნათ და იქიდანაც გვინდა შევიდეთ მაშველებთან და ჯართან ერთად. მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც ხიდი დამონტაჟდება და ფაქტობრივად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ მთელი პერიმეტრი“, - თქვა ქარსელაძემ.
მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს, უშუალოდ შიდა ტერიტორიაზე არსებული ძველი გზის გაწმენდაც.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.