ტრაგედია შოვში: როდის დადებენ გეოლოგები და ჰიდროლოგები პირველად დასკვნას

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ჰიდროლოგები და გეოლოგები სტიქიის ზონაში დილიდან აქტიურად მუშაობენ, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა.
კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 14 ადამიანი. 22 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
„შემოვიფრინეთ თითქმის ყველა ხეობა. ახლაც ვმუშაობთ, ექვსი ჯგუფია გასული. ხდება როგორც ვიზუალური, ასევე ინსტრუმენტალური დაკვირვებებიც. წინასწარი დასკვნა ორ დღეში იქნება. პირველადი დასკვნა აჩვენებს როგორც გამომწვევ მიზეზებს, ასევე მოსალოდნელ ვითარებას“, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
რაც შეეხება საშიშროებას, მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის.
„ასევე ვსწავლობთ სატელიტების მასალას, რომელიც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს. ვსწავლობთ მასალას სტიქიამდე მომენტში და მას შემდეგ. ამის დეშიფრირება უნდა მოხდეს. დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება. ყველა ეს მასალა შეიკრიბება და იქნება საფუძველი იმ დასკვნის, რომელიც ჩვენ მიერ მომზადდება“, – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას.