თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელის ჟოზეპ ბორელის ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ, თითქოს მოსკოვი ცდილობს „შესვას“ განვითარებადი ქვეყნები მის მარცვლეულზე, სხვა არაფერია, თუ არა ფარსი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თავის Telegram-არხზე.
„რაღაც არ მესმის, შიმშილი უკვე დამარცხდა? სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ არის? ეს რაღაც ფარსია: ერთი წლის წინ დასავლელები მოშიმშილეთა სასწრაფოდ დაპურების აუცილებლობაზე ყვიროდნენ, ხოლო როდესაც არავინ დააპურეს საკუთარი თავის გარდა, ყვირილი დაიწყეს, რომ რუსული მარცვლეული ბაზარზე ზედმეტია“, — დაწერა ზახაროვამ.
მანამდე ჟოზეპ ბორელმა წერილობით მიმართა განვითარებად და G20-ის ქვეყნებს და ისინი რუსეთის „ცინიკური პოლიტიკის“ თაობაზე გააფრთხილა. მისი თქმით, რუსეთი იაფ მარცვლეულს იმიტომ სთავაზობს აფრიკის ქვეყნებს, რომ ეკონომიკური მოწყვლადობისა და გლობალური სასურსათო არასტაბილურობის გაღრმავების გზით მასზე დამოკიდებული გახადოს ისინი.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა შავი ზღვის ინიციატივის გახანგრძლივებაზე, ღარიბი ქვეყნების მარცვლეულით მომარაგება გართულდა. გარდა ამისა, მარცვლეულის ფასმა საგრძნობლად მოიმატა — ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 20%-ით გაძვირდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ მოსკოვს უკრაინული მარცვლეულის ჩანაცვლება და აფრიკის ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდება შეუძლია — როგორც კომერციულ, ისე უანგარო საფუძვლებზე. მისი თქმით, რუსეთი მზადაა, უფასოდ მიაწოდოს 25-50 ათასი ტონა მარცვლეული ბურკინა-ფასოს, მალის, ერითრეასა და აფრიკის სხვა ქვეყნებს.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.