თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შოვში ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით15:00 საათზე ჩამოწვა. ამჟამად დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები.
„პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც ბითაძემ განმარტა, ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში. იყო მყინვარებზე თოვლის ინტენსიური დნობა, რამაც ჯამში გამოიწვია ღვარცოფი და მეწყერი.
„დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბომეტრი ინერტული მასით არის დაფარული. ყველა მოვლენამ ჯამში ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის“, – თქვა მაია ბითაძემ.
დეპუტატმა იმ ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა, ვინც ახლობლები დაკარგა.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისათვის დაკარგულად ითვლება, გამოჩნდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – აღნიშნა ბითაძემ.
ადგილზე უკვე რამდენიმე საათია გეოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, ვერ პოულობენ 35 ადამიანს. გუშინ ვერ უკავშირდებოდნენ 50 ადამიანს.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.