კალაძის ოჯახმა შოვი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა - მერს თავის მართლება მოუწია

ბავშვებმა ტერიტორია ჩემი ავტომობილებით დატოვეს, რამდენიმე საათში იქ ტრაგედია დატრიალდა, განაცხადა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ჩემმა შვილებმა დატოვეს შოვი, რადგან მათი არდადეგები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
იმის შესახებ, რომ კალაძის ოჯახი სწორედ სასტუმრო „სანსეტ შოვში“ ისვენებდა, რომლის სიახლოვეს ჩამოწვა მეწყერი, და დატოვა ის ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროს პერსონალმა განაცხადა. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მერის ოჯახის წევრები გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

„ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, და არა მეუღლე, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ კუთხის და მხარის მიმართ. გუშინ, სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება, რაც დღეს გვაქვს სახეზე“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან მან სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მისი შვილები სასტუმროდან სასაზღვრო ვერტმფრენით გაიყვანეს, რის გამოც ვერტმფრენი ტრაგედიის ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩაფრინდა.
კალაძემ „TV პირველის“ ჟურნალისტებს „სამარცხვინოები“ უწოდა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით15:00 საათზე ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი, დაკარგულია 25 ადამიანი.
შოვში, სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა - ჯანდაცვის მინისტრი >>
ადგილზე მუშაობს 400 მაშველი, მათ შორის კინოლოგები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
რამდენიმე საათში მთავრობის გადაწყვეტილებით სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.