თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში მეორე დღეა იმყოფებიან საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოების” წარმომადგენლები. ონისა და ამბროლაურის პირველადი დახმარების გუნდები დაშავებულების დასახმარებლად სასწრაფოს ექიმებთან ერთად მოქმედებენ, აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
„მზადყოფნაშია ასევე ფსიქოსოციალური დახმარების გუნდი, რომელიც დაზარალებულებს, თვითმხილველებსა და ადგილზე მყოფთ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ოჯახური კავშირების აღდგენის გუნდი როგორც დაკარგული, ისე მოძიებული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე მუშაობს“, – განაცხადეს „წითელი ჯვრის საზოგადოებაში”.
აქტიურად მოქმედებს კატასტროფების მართვის გუნდი, რომელიც „წითელ ჯვარში“ საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებზე ეფექტური რეაგირების საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
საქართველოს „წითელი ჯვარი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, მიაწოდონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია შოვში დაკარგულთა შესახებ.
დაშავებულთა დასახმარებლად მოქმედებს „წითელი ჯვრის“ „ცხელი ხაზი“: 032 2 501 105.