მაშველები სტიქიის ზონაში 35 ადამიანს ეძებენ

სტიქიური უბედურების ზონაში ადამიანების ევაკუაციისთვის მაშველები და პოლიცია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებით ჩაფრინდნენ.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ქართველი მაშველები ამჟამად ეძებენ 35 ადამიანს, რომლებიც მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ კავშირზე არ გამოდიან. განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 35 იძებნება. განადგურებულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა.

„სამაშველო ოპერაცია შვეულმფრენების გამოყენებით მაშველების უშუალო მონაწილეობით სრული მასშტაბით გრძელდება. რაც შეეხება მათ, ვისთანაც კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, ამ მომენტისთვის ასეთი 35 ადამიანია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე საჭირო ტექნიკა მობილიზებულია. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" - 598 913 089.