თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. შოვში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობაა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
„სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარს და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის საკითხებს.
„სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით გვიან ღამემდე გაგრძელდა და პარასკევს დილის 6 საათზე განახლდა.
ადგილზე მუშაობს 400 მაშველი, მათ შორის კინოლოგები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური ოპერატიული შტაბი და ამოქმედდა „ცხელი ხაზი“. დღესვე ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად და შტაბის მუშაობას პირადად გაუძღვა.
რამდენიმე საათში მთავრობის გადაწყვეტილებით სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.