მსოფლიო დღეს

კამათი მოკავშირეებს შორის: პოლონეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ელჩები დაიბარეს

Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. უკრაინამ და პოლონეთმა ერთმანეთის ელჩები გამოიძახეს იმ გამწვავების გამო, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას მოჰყვა – რომ „კიევმა უფრო მეტად უნდა დააფასოს ვარშავის მხარდაჭერა რუსეთთან ომში“, იუწყება სააგენტო Reuters.
გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტის საგარეო საკითხთა მრჩეველმა მარკინ პრჟიდაჩმა ასევე თქვა, რომ პოლონეთის მთავრობამ თავისი ფერმერების ინტერესები უნდა დაიცვას. მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვა, რომელსაც ვადა მომავალ თვეში ეწურება.
„კიევი და ვარშავა მტკიცე მოკავშირეები იყვნენ მთელი კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგრამ აზრთა გაცვლა-გამოცვლამ უთანხმოებების არსებობა წარმოაჩინა“, — წერს სააგენტო.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, შეხვედრაზე პოლონეთის ელჩს უთხრეს, რომ განცხადებები პოლონეთისადმი უკრაინის სავარაუდო უმადურობის შესახებ „არ შეესაბამება სიმართლეს და მიუღებელია“.

„დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინულ-პოლონური მეგობრობა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე პოლიტიკური მიზანშეწონილობა. პოლიტიკოსებმა არ უნდა დააყენონ ეჭვქვეშ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და ურთიერთგაგების სიმტკიცე“, — ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში.

პოლონეთმა ასევე დაიბარა უკრაინის ელჩი ვარშავაში „უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარების“ საპასუხოდ. თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა (ადრინდელი Twitter), არ იყო მითითებული, თუ რომელ კომენტარებს გულისხმობდა უწყება.
წყარო: Reuters