22 უცხოელს თბილისში ბინები მოტყუებით შეაძენინეს: დაკავებულია ორი პირი

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქეს თბილისში, იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართები მოტყუებით შეაძენინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულები დაარწმუნეს, თითქოს მათ მიერ გადახდილი თანხა შენობის რეაბილიტაციას, ბინების რემონტს მოხმარდებოდა და ისინი საცხოვრებელ ფართს სრულად კეთილმოწყობილ მდგომარეობაში მიიღებდნენ.

„დაზარალებულები ნასყიდობის შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხებს პერიოდულად იხდიდნენ, თუმცა ბრალდებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს არ ასრულებდნენ და მოქალაქეთა მიერ გადახდილ თანხებს თაღლითურად ისაკუთრებდნენ", – ნათქვამია განცხადებაში.

შედეგად, ბრალდებულები დაზარალებული პირების კუთვნილ, ჯამში 1,6 მლნ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე 100 ათასი დოლარის და 35 ათასი დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.