თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია - ორმხრივი ვაჭრობა იზრდება და თანამშრომლობა მყარდება ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის („შუა დერეფნის") განვითარებისთვის, განაცხადა ყაზახეთის მთავრობის მეთაურმა ალიხან სმაილოვმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ალმათიში გამართულ შეხვედრაზე.
„შუა დერეფანი" (ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი) არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და შავი ზღვის გავლით გადის ევროპისკენ.
„საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია... მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფანზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია", - განაცხადა სმაილოვმა.
როგორც სმაილოვმა აღნიშნა, ივნისში თბილისში მისი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოჯისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს", - განაცხადა სმაილოვმა.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა როგორც ტრანსპორტისა და ტრანზიტის, ისე ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში. მისი თქმით, ივნისის ბოლოს საქართველოში ვიზიტისას მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე.
„ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები", - განაცხადა სმაილოვმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტისას განიხილეს ურთიერთქმედების მთელი რიგი საკითხები და განხორციელდა მუშაობა ამ ურთიერთქმედების გაღრმავების კონკრეტულ ღონისძიებებზე.
„ჩვენ ამჟამად ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის", - განაცხადა სმაილოვმა.
საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე სმაილოვმა აღნიშნა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ღარიბაშვილი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სამთავრობო დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.