საქართველოში რუსოფობია არ არის - პოლიტოლოგი საკრუიზო ლაინერის გარშემო ატეხილ სკანდალზე

ორშაბათს Astoria Grande-მ ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. პირველ რეისს, რომელიც 27 ივლისს განხორციელდა, ოპოზიცია ასევე საპროტესტო აქციით დახვდა.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბათუმში პოლიტიკური „პერფორმანსები“ არანაირად არ აისახება ქართველების რუსებისადმი ურთიერთობებზე, განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ.
მამრაძემ ამის შესახებ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ორშაბათს ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ხმაურიანი პროტესტით შეხვდნენ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დააკავეს. აღნიშნული მოვლენების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.
რუსი ტურისტების გარეშე საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდს დაკარგავს - კობახიძე>>>
მამრაძის თქმით, განვითარებულ მოვლენებში აშკარად ჩანს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ხელწერა“, როდესაც აქტივისტები ხმაურითა და დემონსტრაციებით ცდილობენ შექმნან ისეთი სურათი, თითქოს მათი პოზიცია ასახავს ქვეყნის ყველა მოქალაქის აზრს.

„ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთობები თბილი და სტუმართმოყვარეა. ბევრი, ვინც ჩამოდის, ხედავს, რომ საქართველოში არანაირი რუსოფობია არ არის. მადლობა ღმერთს, ამდენი წლის მანძილზე ქვეყანაში რუს ტურისტებთან დაკავშირებული არცერთი შემთხვევა არ მომხდარა“, – განაცხადა მამრაძემ.

ლაინერი Astoria Grande, რომელიც სოჭიდან თურქეთში რეისს ასრულებს, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.
ლაინერთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პორტში თითოეული საკრუიზო ლაინერისგან 350 ათასი ლარი შემოდის, საიდანაც დაახლოებით 100 ათასი ტურისტების დანახარჯებია, ხოლო დაახლოებით 250 ათასი – თანხა, რომელსაც გემი პორტის მომსახურებისთვის იხდის. ოპოზიცია კი ამ დროს „ქვეყნის ინტერესების“ წინააღმდეგ გამოდის.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში „რუსი ტურისტები არ უხარიათ“, სიცრუეა, სინამდვილეში საზოგადოება სრულიად სხვა აზრისაა.