მიზანმიმართული პროვოკაცია – ილია დარჩიაშვილი ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციაზე
რუსეთის მოქალაქეებს 2023 წლის იანვარ–ივნისში საქართველოში ვიზიტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილი უკავიათ.
Sputnikთბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ის შემოსვლის წინააღმდეგ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, განზრახ მოწყობილი პროვოკაცია და დესტრუქციული ქმედებაა, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების წინააღმდეგ არის მიმართული, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა ორშაბათს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ლაინერი პორტში დღეს, დაახლოებით 06:00 საათზე შემოვიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ბოლო ცნობებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავა.
„მინდა მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც თავისი ქმედებებით თუ განცხადებებით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის, ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და მოხდეს დესტრუქცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებისგან და პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვისგან.
„ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მეორე მხრივ, მინისტრის თქმით, როგორც არაერთხელ ითქვა, საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, რომ ქვეყანაში სანქცირებული სატრანსპორტო საშუალება შემოსულიყო.
„შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო რეგულაციების მიმართულებით ასრულებს თავის ვალდებულებებს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ერთადერთ რამეს ემსახურება გამოხატული დამოკიდებულება საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების წინააღმდეგ – რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ტურიზმის განვითარებასთან. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამოხატულებისგან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც სოჭს თურქეთთან აკავშირებს, ივლისიდან ბათუმში რეგულარულ შესვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს. ლაინერის მგზავრებს ვიზები საქართველოში არ სჭირდებათ.
სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციების გვერდის ავლის საკითხზე ამოწმებს ყველა გემსა და მათ მფლობელებს.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
გასული წელი ქართული ტურიზმისთვის წარმატებული იყო. 2022 წელს ქვეყანას 3,6 მლნ ტურისტი ეწვია – 131,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. საქართველომ 2019 წლის რეკორდული მაჩვენებელი 71,9%-ით აღადგინა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,9%-ით გაიზარდა და 2,8 მილიონზე მეტი შეადგინა.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 1,9 მლნ, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 90,8%-ით.
რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვარ–ივნისში საქართველოში განახორციელეს 577,6 ათასი ვიზიტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133,7%-ით მეტია. საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან.