თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. კულტურის სამინისტრო ცნობილ ქართველ რეჟისორს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს ულოცავს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ბატონი რობერტი საერთაშორისო ავტორიტეტისა და აღიარების მქონე ქართველი ხელოვანია, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. მან საკუთარი შემოქმედებით ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სასცენო ხელოვნება, სადადგმო კულტურა თუ სათეატრო აზროვნება“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. რეჟისორის მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის, მათ შორისაა ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია, ინგლისური კრიტიკის პრემია, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ფესტივალ „ბალტიური სახლის" მთავარი პრემია და ა.შ.
სტურუას ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი — ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული, ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგმული „ჰამლეტი“ კი შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა.
„რუსთაველის თეატრმა და რობერტ სტურუამ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე სახელი გაუთქვეს და საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს ქართულ თეატრსა და ქართულ კულტურას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რეჟისორი სპექტაკლებს ასევე დგამს უცხოეთის ქვეყნების ცნობილ თეატრებში, სხვადასხვა ქალაქში: საარბრიუკენი, დიუსელდორფი, ათენი, მოსკოვი, ბუენოს-აირესი, თელ-ავივი, ლონდონი, სტამბული, ჰელსინკი, სამარა, ვაიმარი, რომი, კიევი, ანკარა, იერუსალიმი.
უწყების ცნობით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე იღებს დოკუმენტურ ფილმს „რობიკოს მასტერ-კლასი“.