თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2023 წლის 1 სექტემბრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება მცირდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, 2023 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1,24 ლარით ნაცვლად ამჟამინდელი 1,35 ლარისა, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და იხდის აშშ დოლარში.
„მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 53,9 თეთრი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც ემსახურება ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს, მათ შორის 20 ათასამდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.