თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, ამ დღეს ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს. გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
„ამ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. შესაბამისად, კიდევ უფრო კარგად მოვემზადებით 2024 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატაროს არჩევნები.
1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევმებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით არჩევნები 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85,3% მიიღებს.
დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა „ძველი“ წესებით ჩატარდება, თუმცა შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.