ოპოზიციის უპასუხისმგებლო აქციები - მინისტრი ლაინერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე

ორშაბათს Astoria Grande-მ ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. პირველ რეისს, რომელიც 27 ივლისს განხორციელდა, ოპოზიცია ასევე საპროტესტო აქციით დახვდა.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. უპასუხისმგებლო ქართული ოპოზიცია აწყობს უპასუხისმგებლო საპროტესტო აქციებს, აფერხებს ტურიზმის განვითარებას და ამით საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში საკრუიზო ლაინერის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ორშაბათს ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ისევ ხმაურიანი პროტესტით შეხვდნენ. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დააკავეს. აღნიშნული მოვლენების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.

„უპასუხისმგებლო აქციები უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერაა ორგანიზებული, ეს არის სუფთა პოლიტიკური აქცია“, – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას აფერხებს.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ისინი ახერხებენ დესტრუქციული ქმედებები ჩაიდინონ ქვეყანაში და ხელი შეუშალონ ტურიზმის განვითარებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშლის ხელს, ეს ჩვენი მოსახლეობისა და მთლიანად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
„ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის და ამ ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ოპოზიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ „უპასუხისმგებლო მოქმედებებისგან“. მოსახლეობის დიდი ნაწილი დესტრუქციულ პოლიტიკას არ უჭერს მხარს, დასძინა მან.
საკრუიზო ლაინერი რუსი მგზავრებით სანქციების ქვეშ არ არის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო>>>
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას გრძნობს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
„საქართველოს ხელისუფლება ძალზე მკაფიოდ იცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება... არც გემის მფლობელი და არც გემი სანქციების ქვეშ არ იმყოფება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ორშაბათს Astoria Grande-მ ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. პირველ რეისს, რომელიც 27 ივლისს განხორციელდა, ოპოზიცია ასევე საპროტესტო აქციით დახვდა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.